Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დღის აღნიშვნა

2025 წლის 30 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დღე აღინიშნა. 103 წლის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით და ფილიპე გოგიჩაიშვილის მეცადინეობით, საფუძველი ჩაეყარა ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებების სწავლებასა და განვითარებას.

ამ დღესთან დაკავშირებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმნა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ყვავილებით შეამკეს ფილიპე გოგიჩაიშვილის საფლავი.

ამის შემდეგ, თსუ მე-10 (მაღლივ) კორპუსში, მე-10 სართულზე, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა პროფესორ არჩილ გოკიელისა და პროფესორ ნიკოლოზ ქოიავას სახელობის აუდიტორიები.

საზეიმო ღონისძიებების დასასრულს, გაიმართა სტუდენტების სამეცნიერო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებმა.

ცნობილია, რომ 1918 წელს გახსნილ თბილისის უნივერსიტეტში ეკონომიკური მეცნიერების სწავლებას, დიდი ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით, იმთავითვე ჩაეყარა საფუძველი. ამ საშვილიშვილო საქმეს უშუალოდ ხელმძღვანელობდა ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი ფილიპე გოგიჩაიშვილი, რომელიც აღიარებულია საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების ფუძემდებლად. 1922 წლის 30 ივლისს, თბილისის უნივერსიტეტში გაიხსნა სოციალურ ეკონომიური ფაკულტეტი, რითაც საქართველოში დაიწყო ეკონომიკური მეცნიერების განვითარება და კვალიფიციური კადრების მომზადება. უკვე რამდენიმე წელია, რაც თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, 30 ივლისს, ყოველწლიურად ფაკულტეტის დღე აღინიშნება.

თარიღი: 30/07/2025